Meta-მ გამოაცხადა, რომ ყველა უსინათლო ვეტერანს ამერიკაში Ray-Ban Meta AI სათვალეებს აჩუქებს.

კომპანიამ პროგრამის შესახებ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, ხოლო მეტას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა პროგრამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება კვირას, თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე გააკეთა.

Blinded Veterans Association-თან პარტნიორობის ფარგლებში Meta საჩუქრად გადასცემს AI სათვალეებს ასოციაციის წევრ ვეტერანებს, რომლებიც უსინათლოდ არიან რეგისტრირებულები. განცხადებაში მეტამ აღნიშნა, რომ ასეთ პირთა რაოდენობა 130 000-ს შესაძლოა გადასცდეს.

ყველა ვეტერანს ექნება წვდომა სასწავლო რესურსებზე იმის შესახებ, როგორ გამოიყენონ სათვალეები: ეს მოიცავს ყოველთვიურ ვებინარებს, ღონისძიებებსა და BVA-ის სახელმძღვანელოს. სათვალეებს ასევე მოყვება AI ასისტენტი.

პროგრამის შთაგონების წყარო აშშ-ის არმიის ვეტერანი, დონ ოვერტონი გახდა, რომელმაც სპარსეთის ყურის ომში მხედველობა დაკარგა.

"როდესაც Desert Storm-ის ოპერაციისას ბუნკერის აფეთქებას მხედველობა შევწირე, დამოუკიდებლობაც დავკარგე. როცა Ray-Ban Meta სათვალეები მოვირგე, იმავე წამს დამოუკიდებლობა დამიბრუნდა", — ამბობს ოვერტონი პროგრამის შესახებ გადაღებულ ვიდეოში.

ლეა როუმ, BVA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, NewsNation-თან საუბარში აღნიშნა, რომ BVA-ის წევრმა ვეტერანებმა AI სათვალეების მიმართ "დიდი ინტერესი" გამოავლინეს და მათი ენთუზიაზმის ხილვა ძალიან უხარია.

"ეს ვეტერანს დამოუკიდებლობას უბრუნებს, შესაძლებლობას, რომ ისევ სრულად ჩაერთოს თავის სამყაროში და სხვაზე დამოკიდებული არ იყოს", — განაცხადა როუმ.

Ray-Ban Meta AI სათვალეები მეტასა და Ray-Ban-ის მფლობელი კომპანიის პარტნიორობით შექმნილი ჭკვიანი სათვალეების ხაზია, რომელშიც კამერა, მიკროფონები, დინამიკები და მეტას ხელოვნური ინტელექტის ასისტენტია ჩაშენებული. პირველი მოდელი 2023 წელს გამოვიდა, ხოლო 2025 წლის სექტემბერში მეტამ წარადგინა მეორე თაობა და ეკრანის მქონე Ray-Ban Display მოდელი. სათვალეებს შეუძლია ნივთებისა და გარემოს ამოცნობა, ტექსტის წაკითხვა, ფოტო და ვიდეომასალის გადაღება, ხმოვან ბრძანებაზე ზარების და შეტყობინებების გაგზავნა, ასევე ტექსტისა და საუბრის რეალურ დროში თარგმნა, ეს ყველაფერი კი ხმის მეშვეობითა და ხელის გამოყენების გარეშე იმართება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.