სამყაროს დასასრულის ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს. ერთ-ერთ მათგანს ყალბი ვაკუუმის დაშლა ჰქვია. უმეტესი სცენარისგან განსხვავებით, ეს კონკრეტული შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გარდა ამისა, ამ ყველაფრის ლაბორატორიულ პირობებში სიმულაციაც შეგვიძლია.

ზოგადად, მინიმალური ენერგიით გამოხატულ მდგომარეობას ჭეშმარიტ ვაკუუმს უწოდებენ. შესაძლოა, სამყარო ამ მდგომარეობაში იყოს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უფრო მაღალი ენერგიაც ჰქონდეს; ე.ი. მეტასტაბილურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ეს მდგომარეობები მუდმივი არ არის: გარკვეული მიზეზით ან სპონტანურად შეიძლება სამყარო ისევ დაბალი ენერგიის მდგომარეობას დაუბრუნდეს.

ეს ნიშნავს, რომ შეიძლება კიდევ უფრო დაბალი ენერგიაც არსებობდეს, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც ყველაფერი შეიცვლება, თუმცა უცნობია — როგორ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამას მაინც ვერ მოვესწრებოდით: ეს ცვლილება სამყაროში ამჟამად არსებული ობიექტების განადგურებას მოიაზრებს.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ყალბ ვაკუუმში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტი ვაკუუმის შემსწავლელ ექსპერიმენტებს კი არავინ ატარებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ გზით მართლა გავნადგურდებით. მეორე მხრივ, ყალბი ვაკუუმის დაშლა მართლაც საინტერესო საკითხია. ბოლო წლებში ამ თემაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, მაგალითად, კვანტური ფენომენის სიმულირების გზით.

ახალი ნაშრომის ავტორებმა რიდბერგის ატომები გამოიყენეს. ეს აღგზნებული ატომებია, რომელთა ელექტრონებიც უფრო მაღალ ორბიტალებზე ავიდა, თუმცა მარტივი აღგზნებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ორბიტალები უზარმაზარია. ეს რიდბერგის ატომებს სხვა ატომებთან შედარებით მართლაც ძალიან დიდს ხდის: ზოგჯერ თავიანთ საწყის მდგომარეობაზე 10 000-იდან 100 000-მდე უფრო დიდსაც კი.

უჩვეულო ზომის გამო რიდბერგის ატომებს სხვადასხვა ექსპერიმენტში ხშირად იყენებენ. ახალი კვლევის ფარგლებში ისინი რგოლში მოათავსეს ისე, რომ თითოეული ატომი საპირისპირო სპინის მქონე ატომის გვერდით აღმოჩნდა. ამ კანონზომიერების დაცვა ჭეშმარიტ ვაკუუმს წარმოქმნის. ლაზერის გამოყენებით გუნდმა ატომებს მეტი ენერგია მიანიჭა, რამაც მათი სპინები შესაბამისობაში მოიყვანა. ჭეშმარიტ ვაკუუმამდე დაშლის სისწრაფე ლაზერის სიმძლავრეზე აღმოჩნდა დამოკიდებული.

ნაშრომმა მეცნიერებს ახალი პერსპექტივა შესთავაზა, რიდბერგის ატომების ამგვარმა გამოყენებამ კი შეიძლება სამომავლოდ უფრო რთულ ექსპერიმენტებს დაუდოს საფუძველი.

კვლევა გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.