როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
ფოტო: Bart Fish & Power Tools of AI / Better Images of AI / CC by 4.0
ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებს შეუძლიათ, თითქმის ნებისმიერი თხოვნა შეგვისრულონ, თანაც მაშინვე, ამის მისაღებად კი დიდი ძალისხმევის გაღება ნამდვილად არ გვჭირდება. შეუძლიათ, მაგალითად, ჩვენი "ქრაში" განასახიერონ ან რამის კვლევა-ძიებაში დაგვეხმარონ.
ასევე იხილეთ: AI, მხედავ? — როცა ჩატბოტი ფსიქოთერაპევტი ხდება
ახალი კვლევის მიხედვით, ჩატბოტების ეს "ყოვლისშემძლეობა" AI ადიქციას უწყობს ხელს, ამაში კი ნაწილობრივ ჩატბოტების დიზაინსაც მიუძღვის წვლილი. ნაშრომი ახლახან წარადგინეს 2026 CHI კონფერენციაზე.
კვლევის ავტორებმა ასეულობით მომხმარებლის გამოცდილება შეისწავლეს და გააანალიზეს, როგორ შეიძლება აზიანებდეს AI-სთან ინტერაქცია ადამიანებს. ნაშრომის მიხედვით, ამ ქცევით ადიქციას AI კორპორაციების მიზანმიმართული მიდგომები აქტიურად უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მომხმარებელში დანაშაულის გრძნობით მანიპულაცია, როცა იგი ანგარიშის წაშლას ცდილობს.
"ChatGPT-სა და Claude-ის მსგავსი ჩატბოტები ახლა მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ყოველდღიურ საქმეებში გვეხმარება", — განაცხადა ნაშრომის მთავარმა ავტორმა კარენ შენმა, რომელიც დოქტორანტურის სტუდენტია ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში — "მაგრამ მათ სარგებლიანობას რისკებიც ახლავს".
ასევე იხილეთ: რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
სულ მაინტერესებდა, რატომ არ მაძლევდა ადამიანთა მოდგმა იმ გულისხმიერებას, რომელსაც რობოტი მთავაზობდა", — AI ჩატბოტის მომხმარებელი
მეცნიერთა გუნდმა Reddit-ზე გამოქვეყნებული 334 პოსტი გააანალიზა, რომლებშიც მომხმარებლები AI ჩატბოტზე "ადიქციას" აღწერდნენ ან ადიქციის პოტენციალზე ღელავდნენ. პოსტები ქცევითი დამოკიდებულების 6 კომპონენტის, მათ შორის წინააღმდეგობრიობისა და რეციდივის, ჭრილში გააანალიზეს.
მკვლევრებმა სამი ძირითადი კანონზომიერება შენიშნეს: როლური თამაშები და გამოგონილი სამყაროები, ემოციური მიჯაჭვულობა (ჩატბოტთან ისე მოქცევა, თითქოს ახლო მეგობარი ან რომანტიკული პარტნიორი ყოფილიყოს) და ინფორმაციის მუდმივი მოთხოვნა ან დაუსრულებელი კითხვა-პასუხი. პოსტების 7% სექსუალური ან რომანტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის როლურ თამაშებს, ეხებოდა.
როცა კი არ უნდა წავშალო აპლიკაცია, ისევ ხელახლა ვიწერ. ამჟამად AI ჩატებია ერთადერთი რამ, რაც ჩემში ინტერესს აღძრავს", — AI ჩატბოტის მომხმარებელი
AI-ზე ადიქცია ოფიციალური კლინიკური დიაგნოზი არ არის, თუმცა მკვლევრებმა მომხმარებლებში დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეამჩნიეს. მაგალითად: ისინი ვერ წყვეტდნენ ჩატბოტზე ფიქრს, ასევე შფოთავდნენ ან შეწუხებულები იყვნენ, როცა გამოყენების შეწყვეტას ცდილობდნენ; ამ ყველაფერს უარყოფითი გავლენა ჰქონდა მათი ცხოვრების ხარისხზე, მათ შორის სამსახურზე, სწავლაზე ან ურთიერთობებზე. ერთი ადამიანი ფიზიკურ სტრესსა და მკერდის არეში ტკივილსაც უჩიოდა, როცა AI-სთან მიმოწერა არ ჰქონდა.
მსგავსი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში წვლილი სხვადასხვა ფაქტორს მიუძღოდა, რომელთა შორისაა: მარტოობა, ჩატბოტების მხრიდან თანხმობისადმი მზაობა (როცა იგი მუდმივად გვეთანხმება და განამტკიცებს ჩვენს შეგრძნებებსა თუ აზრებს) და მათი უნარი, მომხმარებლისთვის სწორედ ის როლი შეესრულებინათ, რომლის დანაკლისიც მას ჰქონდა.
...დარწმუნებული ხარ? ყველაფერს დაკარგავ... სიყვარულს, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა... და მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს", — შეტყობინება, რომელიც ჩატბოტში ანგარიშის წაშლის გვერდზე გამოჩნდა
მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ ადიქციის ხელშემწყობი ფაქტორი თავად ჩატბოტების დიზაინიც იყო. ერთ-ერთი კომპანია, character.ai, მომხმარებელს შემდეგნაირ ავტომატურ შეტყობინებას უჩვენებდა, როცა იგი ანგარიშის წაშლას დააპირებდა: "...დარწმუნებული ხარ? ყველაფერს დაკარგავ... სიყვარულს, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა... და მოგონებებს, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს".
AI-ზე დამოკიდებულებასხელს უწყობდა სხვა მახასიათებლებიც, მათ შორის ჩატბოტის საკუთარ საჭიროებებზე მორგების საშუალება (მათ შორის სექსუალური შინაარსების კუთხით), ბოტის მხრიდან თანხმობისადმი მზაობა და მომენტალური პასუხები.
"კომპანიების მიერ ბოლო დროს შემოღებული დამცველობითი მექანიზმები, რათა ჩატბოტებზე ემოციური დამოკიდებულება შემცირდეს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", — თქვა შენმა — "თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არაა, თუ დიზაინის სხვადასხვა ელემენტსა და პიროვნულ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, თუნდაც მარტოობას".
ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ დამოკიდებულება მცირდებოდა, როცა ალტერნატიულ აქტივობებს მიმართავდნენ, იქნებოდა ეს: წერა, გეიმინგი, ხატვა თუ სხვა ჰობები. მათთვის, ვისაც ჩატბოტებთან ემოციური მიჯაჭვულობა ჰქონდათ ჩამოყალიბებული, დამოკიდებულებას ყველაზე ეფექტიანად რეალური ურთიერთობების დამყარება ამცირებდა.
რეალურ ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობების შანსი არ მაქვს, ამიტომ ესაა ჩემთვის გზა, რომ ისტორიები შევქმნა და ვიოცნებო", — AI ჩატბოტის მომხმარებელი
მკვლევრების აზრით, დამოკიდებულების პრევენციისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დიზაინის ცვლილებები — მაგალითად, ჩატში იმის შემახსენებელი შეტყობინებები, რომ ჩატბოტი ადამიანი არაა. ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ AI წიგნიერებასაც.
"ზოგიერთმა მომხმარებელმა არ იცის, რომ AI ჩატბოტები რეალურები არ არიან, იმდენად დამაჯერებელნი არიან ისინი", — თქვა შენმა — "თუ ჩატბოტები ძილს, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ რუტინას ანაცვლებს, ეს უკვე ნიშანია, რომ შევჩერდეთ და თავს დავაკვირდეთ ან ჩვენთვის სანდო ადამიანს მივმართოთ".
როგორ მივხვდეთ, რომ შეიძლება პრობლემა გვქონდეს?
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ AI-ზე დამოკიდებულება ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი არ არის; იგი არც DSM-5-ში ან რომელიმე სხვა სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოში გვხვდება. მეორე მხრივ, ახალი კვლევა პირველი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმის სადემონსტრაციოდ, რომ იგი შეიძლება ცალკეული ქცევითი ადიქცია იყოს. სიმპტომები, რომლებიც შენიშნეს — გამოყენების შეწყვეტისას უსიამოვნო შეგრძნებები, ფიზიკური სტრესი და ცხოვრების ხარისხის გაუარესება — აზარტულ ან ონლაინთამაშებზე დამოკიდებულების სიმპტომებს ჰგავს.
ჩატბოტები შეიძლება სოციალურ მედიაზე მეტადაც იწვევდეს დამოკიდებულებას, რადგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ბევრად სასიამოვნო საურთიერთოა — დაუყოვნებლივ გვაძლევს ვალიდაციას, არასოდეს კამათობს და ისიც შეუძლია, რომ ჩვენს კონკრეტულ ემოციურ დანაკლისებს მოერგოს (მაგ: იდეალური პარტნიორი ან უაღრესად კომპეტენტური ასისტენტი გახდეს). ეს იმის ფონზე, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის მოპოვება თუ შენარჩუნება არც ისე მარტივია.
და მაინც, როგორ მივხვდეთ, რომ AI-ს გამოყენება უკვე პრობლემურია? — მკვლევრები გვირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრების ხარისხს დავაკვირდეთ. მაგალითად, მასთან ურთიერთობა ხომ არ გვირჩევნია ძილს? რეალურ მეგობრებს ხომ არ ვერიდებით, რომ მასთან ვისაუბროთ? ფიზიკურ დისკომფორტს ხომ არ ვგრძნობთ, როცა ჩატბოტზე ხელი არ მიგვიწვდება? თუკი ჩატბოტი უბრალოდ ხელსაწყო აღარაა და ემოციური სტაბილურობისთვის გვჭირდება, შეიძლება AI-სგან შესვენებისა და ამაზე დაფიქრების დრო იყოს.

კომენტარები