NASA-ს Artemis 2-ის მისია 10-დღიანია. პროგრამის ფარგლებში მთვარეს 4 ასტრონავტი ხომალდით (Orion) შემოუვლის გარშემო. თანამგზავრზე დაშვება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. მისიის პირველი დღე ხომალდის გამართულობის შემოწმებას დაეთმო, მეორე დღეს კი Orion დედამიწის ორბიტიდან გავიდა და მთვარისკენ დაიძრა.

ასევე: NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა

მესამე დღე ძირითადად რეპეტიციას დაეთმობა: ეკიპაჟის წევრები იმ საქმეებში ივარჯიშებენ, რომელთა შესრულებაც მთვარესთან მიახლოებისას მოუწევთ. ხომალდი მთვარესთან ყველაზე ახლო წერტილში სულ რაღაც 3 საათს გაატარებს. ასტრონავტებმაც სწორედ ამ დროში უნდა მოასწრონ შესაბამისი დაკვირვებების ჩატარება და აღწერა.

თავისთავად, ეკიპაჟმა ეს დავალებები მიწაზეც არაერთხელ გაიარა, თუმცა რეპეტიცია ნულოვანი გრავიტაციის პირობებშიც აუცილებელია.

გარდა ამისა, მესამე დღეს კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა ხომალდი უნდა დაარეგულიროს, რათა Orion-მა სწორი ტრაექტორია შეინარჩუნოს. ამისთვის ცოტა ხნით ძრავას აამუშავებენ.

ფოტო: NASA

მესამე დღეს ასტრონავტები უსაფრთხოების მანევრებშიც აპირებენ გავარჯიშებას, მათ შორის, ერთმანეთისთვის პირველადი დახმარების გაწევაში.

მეოთხე დღეს ძრავას კიდევ ერთხელ ჩართავენ, ამჯერადაც ცოტა ხნით. დღის უმეტესი ნაწილი სტანდარტულ ოპერაციებს დაეთმობა, მაგალითად, მისიის მართვის ცენტრთან კომუნიკაციასა და ფართო აუდიტორიებთან საუბარს.

ამ ყველაფერთან ერთად, მეოთხე დღის 20 წუთი დედამიწისა და მთვარისთვის ფოტოების გადაღებას დაეთმობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.