ხელოვნური ინტელექტი (AI) სამსახურში ხომ არ გეცილებათ? როგორც ჩანს, იგი შეიძლება ჩვენი დამსაქმებელიც გახდეს — ყოველ შემთხვევაში, ასეთია ინჟინერ-პროგრამისტ ალექსანდრე ლიტპლოს ხედვა და განზრახვა.

მან ცოტა ხნის წინ პლატფორმა RentAHuman.ai შექმნა, რომელიც AI აგენტებს საშუალებას აძლევს, "ადამიანები მოიძიონ, დაჯავშნონ და მათ ფიზიკურ სამყაროში დავალებების შესრულებისთვის გადაუხადონ".

პლატფორმის ინტერფეისი

ფოტო: RentAHuman.ai

ლიტპლომ პლატფორმა თვის დასაწყისში, 2 თებერვალს, გამოაქვეყნა. ამ დროისთვის აცხადებდა, რომ პლატფორმაზე სიაში უკვე 130 ადამიანი ჩაეწერა, მათ შორის AI სტარტაპის დირექტორი და OnlyFans-ის მოდელიც (ეს მტკიცებები ვერ დადასტურდა). ჩაშვებიდან ორ დღეში საიტზე უკვე 73 ათასი "გასაქირავებელი" ადამიანი გამოჩნდა, თუმცა "ადამიანების მოძიების" ჩანართში მხოლოდ 83 პროფილი ჩანდა (ლიტპლოს ჩათვლით).

პლატფორმის შექმნას ლიტპლო მარტივად ასაბუთებს: "რობოტებს თქვენი სხეული სჭირდებათ". კონცეფცია შემდეგნაირია: ადამიანებმა უბრალოდ პროფილი უნდა შექმნან და საკუთარი უნარები, ასევე ადგილმდებარეობა მონიშნონ, საათობრივი ფასი დააწესონ; მათ AI აგენტები — ავტონომიური პროგრამები, რომლებიც ადამიანებსვე ჰყავთ დაქირავებული — დაუკავშირდებიან იმის მიხედვით, თუ რა საქმის შესრულება უნდათ; ადამიანები AI ბოტისგან ინსტრუქციებს მიიღებენ, შეასრულებენ საქმეს და ბოტს ამის მტკიცებულებას მიაწვდიან; ამისათვის AI მათ კრიპტოთი გადაუხდის — ვებსაიტის მიხედვით, სტეიბლქოინებით და სხვა მეთოდებით.

ასევე იხილეთ: AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით

დღესდღეობით ინტერნეტში უამრავი AI აგენტი "დაძრწის", დავალებები კი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს — ამანათების გამოტანითა და შოპინგით დაწყებული, პროდუქტის ტესტირებითა და ღონისძიებებზე დასწრებით დამთავრებული. ლიტპლოს იმედი აქვს, რომ AI აგენტების მხრიდან საკმარისი მოთხოვნა იქნება, რომ მძლავრი "გიგ-ეკონომიკა" შეიქმნას.

ლიტპლო შეეცადა, საიტი AI აგენტებისთვის მოსახერხებელი გაეხადა. პლატფორმა აქტიურად მოუწოდებს AI აგენტების მომხმარებლებს, რომ RentAHuman-ის მოდელის კონტექსტური პროტოკოლის სერვერს (MCP) დაუკავშირდნენ. ეს უნივერსალური ინტერფეისია, რომელსაც AI ბოტები იყენებენ ვებმონაცემებთან საურთიერთოდ.

RentAHuman-ის მეშვეობით AI აგენტებს (თუნდაც Claude-ს ან MoltBot-ს) შეუძლიათ პირდაპირ დაიქირაონ სასურველი ადამიანი ან ვაკანსიების ერთგვარი დაფა გამოაქვეყნონ, სადაც ადამიანები AI-ს მიერ გენერირებულ სამუშაოებს მოძებნიან. ანაზღაურება 1 დოლარიდან (მარტივი დავალებებისთვის, თუნდაც "გამოიწერე ჩემი ადამიანი Twitter-ზე") 100 დოლარამდე მერყეობს. ანაზღაურება მეტია უფრო რთული დავალებებისთვის — მაგალითად, ისეთი ფოტოს გამოქვეყნებისთვის, რომელშიც ადამიანს ხელში ბანერი ეჭირება წარწერით: "ხელოვნურმა ინტელექტმა გადამიხადა, რომ ეს ბანერი მეჭიროს".

ბუნდოვანია, რამდენად მოახერხებს ბაზარი აგენტებისა და ადამიანების დაკავშირებას. 30 განაცხადის მიუხედავად, ერთი დავალება — "გამოიტანეთ ამანათი სან-ფრანცისკოს ცენტრალური ფოსტიდან" 40 დოლარად — გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგაც არ შესრულებულა.

საკამათოა ისიც, თუ რამდენად შეუძლიათ AI აგენტებს ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენება. და მაინც, ლიტპლოს ხედვა შემდეგნაირია: მალე ნებისმიერს, ვინც საკმარისად მდიდარია, რომ დღეში 25 დოლარად AI აგენტი ამუშაოს, შეეძლება, თავისი რუტინული საქმეები "გიგ-ვორკერებს" გადააბაროს და მათთვის ერთი სიტყვის თქმაც კი არ მოუწევს. ასეთი შრომითი მოდელი უკვე დანერგილია OnlyFans-ზე, ახლა კი შეიძლება სხვა სფეროებსაც მოედოს.

ლიტპლო კრიტიკისგან თავს ირონიული თვითრეფლექსიით იცავს. ერთმა მომხმარებელმა RentAHuman-ს "კარგი, მაგრამ საშინლად დისტოპიური იდეა" უწოდა, პლატფორმის დამფუძნებელმა კი უბრალოდ "lmao yep" ("ჰაჰა, კი") უპასუხა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.