იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
მეცნიერების თქმით, "სახელმძღვანელოების განახლება იქნება საჭირო".
ფოტო: NASA/JPL-Caltech/SwRI/MSSS
NASA-ს ზონდ "ჯუნოს" მონაცემების მიხედვით, იუპიტერი იმაზე ოდნავ მცირე ზომისაა, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, ის მაინც მზის სისტემის უდიდეს პლანეტად რჩება.
ამ გიგანტური ციური სხეულის ზომა დაახლოებით 50 წლის წინ Voyager-ისა და Pioneer-ის ზონდების დაკვირვებების მეშვეობით განსაზღვრეს, რისთვისაც ამ მისიების დროს რადიოსიგნალები გამოიყენეს. ახლა იქ "ჯუნო" მოძრაობს და 2016 წლიდან მოყოლებული, ინფორმაციას აგროვებს. მისი რადიომონაცემებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის ზომა თითოეული მიმართულებით 400 მეტრით ნაკლებია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ზომისა და ფორმის შესახებ დასკვნების გამოტანა პლანეტასთან დისტანციისა და მისი ბრუნვის გაანალიზებითაც შეიძლება, მაგრამ უფრო ზუსტი გაზომვა ბევრად რთულ მეთოდებს საჭიროებს.
ასტრონომებმა შეისწავლეს, როგორ მრუდდება "ჯუნოს" მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი რადიოსიგნალები იუპიტერის ატმოსფეროში გავლისას. ამან მათ საშუალება მისცა, გაეთვალისწინებინათ პლანეტზე მქროლავი ქარი, რომელიც აირისგან შემდგარი ციური სხეულის ფორმაზე ზემოქმედებს.
ეს ინფორმაცია მათ მისი ფორმისა და ზომის გამოსათვლელად გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ იუპიტერის რადიუსი პოლუსიდან ცენტრამდე წინა მაჩვენებელს 12 კილომეტრით ჩამოუვარდება და 66 842 კილომეტრს შეადგენს; ეკვატორის რადიუსი 71 488 კილომეტრია, რაც წინა მაჩვენებელზე 4 კილომეტრით ნაკლებია.
ასე მზის სისტემის გიგანტური პლანეტის მახასიათებლები გრავიტაციულ და ატმოსფერულ მოდელებს უკეთ ერგება. ეს მიგნება მისი შიდა სტრუქტურის უკეთ გამოკვლევაში დაგვეხმარება და მსგავსი ტიპის შორეული ეგზოპლანეტების ევოლუციაშიც გაგვარკვევს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

კომენტარები