ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას
ფოტო: Daniel Jampolski/Luciano Rezzolla
მასიური ვარსკვლავის სიცოცხლე, ჩვეულებრივ, მაშინ სრულდება, როცა მასში ბირთვული რეაქციებისთვის საჭირო ელემენტები იწურება. ამ დროს მნათობი საკუთარ გრავიტაციას ვეღარ ეწინააღმდეგება და იკუმშება, ანუ კოლაფსს განიცდის. არსებული მოდელების თანახმად, იგი, საბოლოოდ, შავ ხვრელად გარდაიქმნება, რომლის გრავიტაციაც იმდენად ძლიერია, რომ იქიდან გარეთ სინათლეც კი ვერ აღწევს.
ამის მიუხედავად, ორი ფიზიკოსი ახალ ჰიპოთეზას გვთავაზობს. მათი აზრით, ზოგ შემთხვევაში ვარსკვლავის კოლაფსი შეიძლება შავი ხვრელის ფორმირებით არ დასრულდეს და მის ნაცვლად "მინი სამყარო" წარმოიქმნას.
გოეთეს უნივერსიტეტის მკვლევრების, დანიელ იამპოლსკისა და ლუჩიანო რეცოლას, მოდელის მიხედვით, ზოგჯერ ვარსკვლავს ცოტა აკლდება იმ დონემდე შეკუმშვამდე, რომ შავ ხვრელად გარდაიქმნას. პროცესი ბოლო ეტაპზე ჩერდება, რისი მიზეზიც ბნელი ენერგიაა, რომელიც გარეთ მიმართულ წნევას წარმოქმნის და კოლაფსის გაგრძელებას უშლის ხელს.
მეცნიერების თქმით, ამ დროს შეიძლება ე.წ. გრავასტარი წარმოიქმნას — ჰიპოთეზური ობიექტი, რომლის ბირთვშიც ბნელი ენერგიაა თავმოყრილი. ეს ის ძალაა, რომელიც კოსმოსის სწრაფად გაფართოებაში მონაწილეობს.
ასევე, იხილეთ: ბნელი ენერგიის წყალობით შესაძლოა, დიდი აფეთქება კიდევ არაერთხელ განმეორდეს
ავტორები ვარაუდობენ, რომ გრავასტარის ფორმირებისას არსებული პირობები გარკვეულწილად დიდი აფეთქების დროინდელ გარემოს ჰგავს. მათი ჰიპოთეზის მიხედვით, ბნელი ენერგიის მიერ წარმოქმნილი წნევა გრავიტაციას აბალანსებს, რის შედეგადაც ობიექტი სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს და სრულ კოლაფსს არ განიცდის.
ასევე, იხილეთ: შესაძლოა, შავი ხვრელები სინამდვილეში გრავასტარები იყოს — უჩვეულო ჰიპოთეზა
მკვლევრები ფიქრობენ, რომ შეიძლება "მინი სამყარო" სწორედ ასეთ გრავასტარში გაჩნდეს. დანიელ იამპოლსკის თქმით, ამ სამყაროს დიდი აფეთქება მაშინ იწყება, როცა ვარსკვლავს შავ ხვრელად გადაქცევამდე ცოტა აკლდება.
ავტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს ჰიპოთეზა შავი ხვრელების არსებობას არ ეწინააღმდეგება. ლუჩიანო რეცოლას თქმით, მასიური ვარსკვლავის კოლაფსის შედეგებზე მსჯელობისას შავი ხვრელები კვლავაც ყველაზე ბუნებრივ და მარტივ ახსნად რჩება. ამის მიუხედავად, მეცნიერების თქმით, არა მხოლოდ დამკვიდრებული მოდელების, არამედ უფრო უჩვეულო ინტერპრეტაციების გამოკვლევაც მნიშვნელოვანია.
ნაშრომი გამოცემაში Physical Review D გამოქვეყნდა.

კომენტარები