ისტორიაში პირველად, ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა
ფოტო: NASA
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ზედაპირი პირდაპირ შეისწავლა, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ესაა ე.წ. სუპერდედამიწის ტიპის ციური სხეული, სახელად LHS 3844 b, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 30%-ით დიდია და თითქმის 50 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.
კვლევების უმეტესობა ეგზოპლანეტების ატმოსფეროზეა კონცენტრირებული, თუმცა ამჯერად ასტრონომებმა ზედაპირის მიერ გამოყოფილ სითბოზე გაამახვილეს ყურადღება. შედეგად დაასკვნეს, რომ ესაა ატმოსფეროს არმქონე მუქი და ცხელი ობიექტი, რომელიც შეიძლება მერკურის ჰგავდეს.
ეს ეგზოპლანეტა მეცნიერებმა 2019 წელს აღმოაჩინეს წითელი ჯუჯა ვარსკვლავის მახლობლად, რომლის გარშემო ორბიტალურ მოძრაობასაც იგი სულ რაღაც 11 საათს ანდომებს. მისი ერთი ნახევარსფერო ყოველთვის მნათობისკენაა მიბრუნებული და იქ ტემპერატურა 725°C-ს აღწევს, მეორე მხარე კი მუდმივ სიბნელეშია.
ახალი კვლევის ავტორებმა 2023-24 წლებში სამი "მეორეული დაბნელება" დააფიქსირეს, ანუ ჩვენი პერსპექტივიდან ეგზოპლანეტის გადანაცვლება ვარსკვლავის უკან. ვების შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტით მათ LHS 3844 b-ის ცხელი ნათელი მხარიდან მომავალი ინფრაწითელი გამოსხივება აღბეჭდეს და მისი მეშვეობით ზედაპირის მახასიათებლები გააანალიზეს.
ეს სპექტრული სიგნალები მეცნიერებმა დედამიწაზე, მთვარესა და მარსზე არსებული ქვებისა და მინერალებისას შეადარეს. შედეგად გამორიცხეს, რომ ამ ეგზოპლანეტას შეიძლება დედამიწის მსგავსი ქერქი ჰქონდეს, რომელიც სილიციუმის დიოქსიდითა და გრანიტითაა მდიდარი. ასეთი შედგენილობა ძირითადად წყლით პროვოცირებული გეოლოგიური პროცესებისას და ფილების ტექტონიკისას ყალიბდება, რაც უფრო მსუბუქ მინერალებს ზედაპირზე აღწევის საშუალებას აძლევს.
ამის საპირისპიროდ, LHS 3844 b-ზე ბაზალტის სიჭარბე აღმოჩნდა — მუქი ვულკანური მატერიის, რომელშიც რკინისა და მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციაა. ისინი მერკურისა და მთვარეზეც გავრცელებულია. ასევე, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ეს ეგზოპლანეტა მხოლოდ მცირე ოდენობით წყალს შეიცავს.
შესაძლოა, მისი ზედაპირი ახალი ფორმირებული იყოს ბოლოდროინდელი ვულკანური აქტიურობით, რომლის განმავლობაშიც ამოხეთქილი და უკვე გაგრილებული ლავის ფენა ჯერ მეტეორიტებს არ დაუზიანებია. ამის მიუხედავად, მსგავსი პროცესებისას ნახშირორჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ჭარბად გამოყოფაა მოსალოდნელი, რომლებიც ვების ტელესკოპის ინსტრუმენტს არ დაუფიქსირებია.
ალტერნატიული ჰიპოთეზის თანახმად, ეგზოპლანეტა წვრილად დანაწევრებული მუქი მატერიის სქელი შრითაა დაფარული, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში რადიაციისა და მეტეორიტებთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. სწორედ ასე მოხდა მთვარისა და მერკურის შემთხვევაშიც. ატმოსფეროს გარეშე კი ეს უფრო ინტენსიურად მოხდებოდა.
LHS 3844 b-ის გეოლოგიური წარსულის უკეთ გასაგებად ავტორები ვების ტელესკოპით დამატებით დაკვირვებებს აპირებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

კომენტარები