ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიგონებდით, რომ წყალს "მეხსიერება" აქვს. კერძოდ, გავრცელებულია იდეა, რომ წყალი იმ ნივთიერებების "მოგონებას" ინახავს, რომლებიც მანამდე გახსნილა მასში — ინახავს მას შემდეგაც კი, როცა ეს ნივთიერებები უკვე იმდენად გაზავდა, რომ მთლიანად გამქრალია.

პოეტურად ჟღერს, არა? ამ იდეით ზოგჯერ ჰომეოპათიის დასაბუთებასაც ცდილობენ. მეორე მხრივ, სამეცნიერო საზოგადოებამ უკვე რახანია, წყლის მეხსიერება ფსევდომეცნიერებად შერაცხა — არ არსებობს სარწმუნო სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ მსგავსი რამ არსებობდეს. წყალს მეხსიერება არა აქვს, მაგრამ საიდან წარმოიშვა ეს აზრი, რა "სამეცნიერო" საფუძველი ჰქონდა და როგორია რეალობა?

რამ წარმოშვა მითი — ჟაკ ბენვენისტის მიგნებები და მასარუ ემოტოს "ემოციური" მოლეკულა

ამ თემისა და საერთოდ იდეის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟაკ ბენვენისტის ავტორობით 1988 წელს ჟურნალ Nature-ში ნაშრომი გამოქვეყნდა. იმუნოლოგი ამ კვლევით ამტკიცებდა, რომ ადამიანის სისხლში ლეიკოციტები რეაგირებდნენ ანტისხეულების ხსნარზე, რომელიც იმდენჯერ იყო გაზავებული, რომ რეალურად ანტისხეულების არცერთი მოლეკულა აღარ იყო დარჩენილი შიგნით. ამის დადასტურების შემთხვევაში ქიმიისა და ფიზიკის კანონები თავდაყირა დადგებოდა.

ეს არ მომხდარა. Nature-ის ორგანიზებით მკვლევართა გუნდმა ეს საკითხი შეისწავლა და გადაამოწმა. ამ გუნდში პროფესიონალი ილუზიონისტი და სკეპტიკოსი ჯეიმს რანდიც იყო, რომელსაც თაღლითობის გამოაშკარავების კუთხით უნდა ემუშავა. მკვლევრებმა ორმაგი ბრმა კონტროლი გამოიყენეს, ექსპერიმენტის ხელახლა ჩატარებისას კი იგივე შედეგები არ მიუღიათ, რაც ბენვენისტის. დაასკვნეს, რომ იმუნოლოგმა მსგავსი შედეგები ექსპერიმენტული მიკერძოების შედეგად მიიღო; როგორც აღმოჩნდა, მან მონაცემებიც არასათანადოდ გააანალიზა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1990-იანი წლების ბოლოს იაპონელმა ავტორმა და ფსევდომკვლევარმა, მასარუ ემოტომ, იდეა გაავრცელა, თითქოს ადამიანის ცნობიერებას (ამ შემთხვევაში მოიაზრება ფიქრები, სიტყვები და მუსიკა) შეეძლო ფიზიკურად შეეცვალა წყლის მოლეკულური სტრუქტურა. მან "ლამაზი" ყინულის კრისტალების ფოტოები გვიჩვენა — ფორმირებული მას შემდეგ, რაც წყალს პოზიტიური სიტყვები "მოასმენინეს"; "უშნო" კრისტალების ფოტოები გვიჩვენა და ამტკიცებდა, რომ ესენი წყლისთვის ნეგატიური სიტყვების თქმის შედეგად ჩამოყალიბდა.

ემოტოს იდეები უარყვეს, რადგან მეცნიერული თვალსაზრისით მას საბაზისო საკითხები არ გაუთვალისწინებია; იგი ფოტოებსაც სუბიექტურად არჩევდა. თოვლის ფიფქები ფორმით ბუნებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს კი ტემპერატურასა და ტენიანობაზეა დამოკიდებული. ემოტოს არცერთი ნაშრომი არ გამოქვეყნებულა რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში; მისი მიგნებები არც რომელიმე სხვა მეცნიერს დაუდასტურებია.

და მაინც, რატომ არ აქვს წყალს მეხსიერება? — ფიზიკური რეალობის საფუძვლები

მეცნიერული პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, იდეა, თითქოს წყალი დროთა განმავლობაში ინფორმაციას "ინახავდეს", თერმოდინამიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

წყლის მოლეკულები ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდება, ეს კავშირები კი ძალიან მყიფეა. ბმები რამდენიმე პიკოწამში ერთხელ წყდება და ხელახლა მყარდება. წყალი მეტისმეტად "მოუსვენარია" იმისთვის, რომ უცვლელი ფორმა შეინარჩუნოს ან მასზე რაიმე აღიბეჭდოს მოცემულ მომენტზე დიდხანს.

საგულისხმოა, რომ გაზავების კუთხით ერთგვარი ლიმიტიც არსებობს. ავოგადროს კანონის მიხედვით, როცა ხსნარი იმდენად გაზავდება, რომ ნივთიერების კონცენტრაცია ავოგადროს რიცხვის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება, სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ორიგინალი ნივთიერების მოლეკულა შენარჩუნდეს. ფიზიკური კატალიზატორის გარეშე არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ წყალმა "დაიმახსოვროს", რა იყო მანამდე შიგნით.

და მაინც, "წყლის მეხსიერების" პოპულარობას გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს და ჰომეოპათიის ინდუსტრიისთვის "მეცნიერული" ფარიც არის. შეიძლება ითქვას, იდეით ის ადამიანებიც იხიბლებიან, რომლებიც ბუნებას მგრძნობიარე, ურთიერთდაკავშირებულ ქსელად აღიქვამენ. ცხადია, ეს იმას ვერ შეცვლის, რომ წყალში მეხსიერების რეალურობას არაფერი ადასტურებს და ეს კონცეფცია მხოლოდ ფსევდომეცნიერების ნაყოფია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.