ალბათ, არაერთხელ გაიგონებდით ან წაიკითხავდით, რომ ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება. ეს მართლაც ასეა, რადგან ეს სითხე ჩვენს სხეულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და აუცილებელი ბიოლოგიური პროცესებიც მისი მეშვეობით მიმდინარეობს.

ის, თუ რა მოცულობის წყალია ორგანიზმში, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, სქესზე, წყლის მიღებაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და გარემოს ტემპერატურაზე. ამის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ჩვენი სხეული საშუალოდ 60-70% წყალს შეიცავს.

როგორ იცვლება წყლის მოცულობა ასაკთან ერთად

ფოტო: BodySpec

სხეულის შედგენილობა მნიშვნელოვანია, მაგალითად, რამდენი ცხიმი და კუნთია მასში. საქმე ისაა, რომ კუნთოვანი ქსოვილი უფრო ნაკლებ წყალს შეიცავს. სწორედ ამის გამოა, რომ ქალის ორგანიზმში არსებული წყლის მოცულობა კაცისას ჩამოუვარდება ხოლმე (ტიპურ შემთხვევებში), რადგან ამ უკანასკნელთა ორგანიზმში ბუნებრივად მეტი კუნთია.

საინტერესოა, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მასში წყლის წილი მით უფრო მეტია. შესაბამისად, ახალშობილებში ეს სითხე ყველაზე დიდი მოცულობით გვხვდება (მასასთან თანაფარდობით). ეს მაჩვენებელი ასაკის მატების პარალელურად იკლებს: თუ სკალას წარმოვიდგენთ, მის მეორე ბოლოში ხანდაზმული ადამიანები იქნებიან, დასაწყისში კი — ჩვილები.

ასაკის მიხედვით წყლის წილის საშუალო გადანაწილება ასეთია:

  • დაბადებიდან 6 თვემდე — 74%;
  • 6 თვიდან 1 წლამდე — 60% (57-იდან 64%-ამდე მერყეობს);
  • 1-იდან 12 წლამდე — 60% (49-იდან 75%-ამდე მერყეობს);
  • 12-იდან 18 წლამდე — კაცებში 59%, ქალებში 56%;
  • 19-იდან 50 წლამდე — კაცებში 59%, ქალებში 50%;
  • 51-იდან მაღლა — კაცებში 56%, ქალებში 47%.

რა მოცულობის წყალია ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში

რა თქმა უნდა, წყალი მთელს სხეულშია გავრცელებული და მხოლოდ ერთ რეგიონში არაა დაგროვებული. მის უდიდეს ნაწილს — 60%-ს — უჯრედები შეიცავს. დანარჩენი უჯრედგარე წყალია, რომელიც, მაგალითად, სისხლში გვხვდება.

ფოტო: Shutterstock

ზოგი ორგანო სხვებზე მეტ სითხეს შეიცავს. კერძოდ, ყველაზე დიდი მოცულობით წყალი ფილტვებში, კუნთებსა და თირკმელებშია, ყველაზე ნაკლები კი ძვლებშია.

ქვემოთ წარმოგიდგენთ, როგორია ორგანოებში, ქსოვილებსა და სხვა არეალებში წყლის შემცველობის ზუსტი პროცენტულობა:

  • ტვინი და გული — 73%;
  • ფილტვები — 83%;
  • კანი — 64%;
  • კუნთები და თირკმელები — 79%;
  • ძვლები — 31%.

ამის მიუხედავად, ცხადია, წყალი ორგანიზმის უკლებლივ ყველა ზონას სჭირდება იმისთვის, რომ ბიოლოგიური ფუნქცია შეასრულოს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სხეულში წყლის მარაგი ივსებოდეს, რადგან სითხეს მუდმივად ვკარგავთ (მაგ. შარდისა და ოფლის სახით).

ასევე, იხილეთ: რატომაა უწყლობა მომაკვდინებელი — რა ხდება ორგანიზმში, როცა ის წყალს ვერ იღებს

სხვათა შორის, სხეულში არსებული წყლის გამოსათვლელად სპეციალური ფორმულაც არსებობს, რომელსაც უოტსონის ფორმულას უწოდებენ. კაცებმა ასე უნდა გამოითვალონ: 2.447 – (0.09156 x ასაკი) + (0.1074 x სიმაღლე სანტიმეტრებში) + (0.3362 x მასა კილოგრამებში) = სხეულის მთლიანი წყალი (TBW) ლიტრებში; ქალებისთვის: –2.097 + (0.1069 x სიმაღლე სანტიმეტრებში) + (0.2466 x მასა კილოგრამებში) = TBW.

წყლის პროცენტული წილის განსასაზღვრად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითო ლიტრი თითო კილოგრამის ეკვივალენტურია, შემდეგ კი TBW სხეულის მასაზე გავყოთ. შეგიძლიათ, სპეციალური კალკულატორიც გამოიყენოთ — www.omnicalculator.com.

რა როლი აქვს წყალს ჩვენს ორგანიზმში

ფოტო: Dreamstime.com

სხეულში წყლის ასეთი მაღალი შემცველობა ნიშნავს, რომ ის ბიოლოგიურ პროცესებში აქტიურადაა ჩართული. მას მრავალმხრივი ფუნქცია აქვს, მაგალითად, ნერწყვის წარმოქმნაში გვეხმარება, რომელიც ელექტროლიტებისგან, ლორწოვანი მასისგან და ფერმენტებისგან შედგება. ის მყარი საკვების დანაწევრებისთვისა და ჯანმრთელი პირის ღრუსთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ გვაწუხებს პირის სიმშრალე, როცა საკმარის წყალს არ ვიღებთ.

წყლის მეშვეობით სხეულის ტემპერატურასაც ვარეგულირებთ. ოფლი ზუსტად იმიტომ გამოიყოფა, რომ გაგვაგრილოს და ფიზიკური დატვირთვის ან ძლიერი სიცხის დროს გადახურების საშიშროება შეამციროს. ამ დროს საჭიროა, რომ დაკარგული წყლის მარაგი აღვიდგინოთ.

ასევე, წყალი ჩვენს ქსოვილებს, ზურგის ტვინსა და სახსრებსაც იცავს (ერთგვარ სველ საფარველს ქმნის) და ისეთი დაავადებების რისკს ამცირებს, როგორიც ართრიტია. გარდა ამისა, სითხის მეშვეობით ჩვენი ორგანიზმიდან არასაჭირო ნივთიერებები ოფლის, შარდისა და ფეკალიების სახით გამოიდევნება. შესაბამისად, სითხის გარეშე შეიძლება კუჭის მოქმედებაც შეიზღუდოს და დისკომფორტი შეგვექმნას. ცალკე უნდა აღინიშნოს თირკმელებს დიდი როლი, რადგან იგი უჯრედულ დანალექს ფილტრავს. მის ხელშესაწყობად, ისევ და ისევ, საკმარისი წყალი უნდა მივიღოთ.

წყალი საჭმლის მონელებასა და სასარგებლო ელემენტების მაქსიმალურად შეთვისებაში გვეხმარება. მისი საშუალებით საკვებიდან ვიტამინები, მინერალები და სხვა ნუტრიენტები ცალკევდება, შემდეგ კი მთლიან ორგანიზმში ნაწილდება.

სითხის მეშვეობით სისხლში ჟანგბადი თავისუფლად და სათანადოდ ცირკულირებს. წყალი გვიცავს ჰიპერტენზიისგან, ანუ მაღალი წნევისგანაც და მეტაბოლიზმს ააქტიურებს. ასევე, ის აუცილებელია კოგნიტიური ფუნქციების შესანარჩუნებლად და განწყობის დასარეგულირებლადაც კი. იგი დადებითაც ზემოქმედებს ჩვენს კანზეც, რადგან კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.

თუ ფიზიკურად ძალიან არ იტვირთებით, დღეში 1.5-1-8 ლიტრი წყლის მიღებაც საკმარისია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სითხეს საკვებიც შეიცავს, ამიტომ კვებითი რაციონიც უნდა გავითვალისწინოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.