ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომებმა ნეირონული ქსელი განავითარეს, რომელიც კოსმოსის სურათებში "ანომალიებს" ეძებს. სულ რაღაც 2.5 დღეში ნეირონულმა ქსელმა 100 მილიონი გამოსახულება გამოიკვლია და 1 400 ანომალიური ობიექტი აღმოაჩინა — ასე ეწოდება ობიექტებს ან ასტრონომიულ ფენომენებს, რომლებიც იშვიათი და ძალზე უჩვეულოა.

წითელი ელიფსური გალაქტიკა მის უკან არსებული ლურჯი სპირალური გალაქტიკის სინათლეს გარდატეხს, რაც გამრუდებულ რკალს ქმნის.

ფოტო: ESA/Hubble & NASA, D. O’Ryan, P. Gómez (European Space Agency), M. Zamani (ESA/Hubble)

ხელოვნური ინტელექტის (AI) ამ მოდელს შემქმნელებმა, დევიდ ო'რაიანმა და პაბლო გომესმა, AnomalyMatch დაარქვეს. მეცნიერებმა იგი ჰაბლის ტელესკოპის არქივზე გაწვრთნეს, რომელიც 35 წლის განმავლობაში შეგროვებულ ათიათასობით მონაცემთა კრებულს ინახავს. თავისთავად, ანომალიების აღმოჩენა მეცნიერებსაც კარგად გამოსდით, თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტად ბევრი მონაცემი იყო იმისთვის, რომ ეს საქმე ადამიანს გაეკეთებინა.

შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკათა ჯგუფი. ამ პროცესის შედეგად, საბოლოოდ, ერთი ელიფსური გალაქტიკა წარმოიქმნება.

AnomalyMatch-მა სავარაუდო ანომალიების სია შექმნა, რომელსაც, საბოლოოდ, ადამიანების მიერ გადახედვა სჭირდებოდა. ეს საქმეც გომესმა და ო'რაიანმა ითავეს. აღმოჩნდა, რომ 1 400 ანომალიური ობიექტიდან 800-ზე მეტი აქამდე არ ყოფილა აღრიცხული.

გალაქტიკის იშვიათი ფორმა, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა ერთი გალაქტიკა მეორეს ეჯახება.

ფოტო: ESA/Hubble & NASA, D. O’Ryan, P. Gómez (European Space Agency), M. Zamani (ESA/Hubble)

შედეგების უმრავლესობაში გალაქტიკების შერწყმა ან უბრალოდ ურთიერთქმედება იყო აღბეჭდილი. ამ პროცესებს ხშირად უცნაური ფორმები ან ვარსკვლავებისა და აირების გრძელი "კუდები" ახასიათებს. ზოგ გამოსახულებაში გრავიტაციული ლინზა იყო დაფიქსირებული, ზოგში კი მედუზა-გალაქტიკები. საინტერესოა, რომ ზოგ მათგანში იმდენად იდუმალი ობიექტი ან მოვლენა იყო აღბეჭდილი, რომ ისინი "კლასიფიკაციას არ ექვემდებარება".

ამ ოვალური ფორმის გალაქტიკის ცენტრში სინათლის გრძელი, წვრილი სხივი გვხვდება. ქვემოთ არსებული სინათლის რკალი შეიძლება უკანა ფონზე არსებული გალაქტიკის გრავიტაციულად ლინზირებული გამოსახულება იყოს.

ფოტო: ESA/Hubble & NASA, D. O’Ryan, P. Gómez (European Space Agency), M. Zamani (ESA/Hubble)

გომესის აზრით, ეს AI-ის არაჩვეულებრივი გამოყენებაა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჰაბლის მონაცემებში ანომალიები კარგად იყო შესწავლილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი აქამდე საერთოდ არ ყოფილა დაფიქსირებული. სავარაუდოდ, AI სხვა დიდი მონაცემების ანალიზისთვისაც ძალიან გამოსადეგი იქნება.

ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.