აშშ-ში ChatGPT-ს საწინააღმდეგო კამპანია QuitGPT წამოიწყეს — რატომ ითხოვენ ბოიკოტს
ფოტო: QuitGPT
აშშ-ში აქტივისტთა ჯგუფმა კამპანია "QuitGPT" წამოიწყო, რომლითაც ხალხს OpenAI-სა და ChatGPT-ს ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. უკმაყოფილება ტრამპის ადმინისტრაციასთან კომპანიის კავშირებმა გამოიწვია.
კამპანია quitgpt.org-ზე გასული თვის ბოლოს გამოჩნდა. ვებსაიტის მონაცემებით, მას უკვე 700 ათასზე მეტი მხარდამჭერი შეუერთდა (საიტზე რეგისტრაციით ან სოციალურ ქსელში გაზიარებით), როცა ერთი კვირის წინ ეს რიცხვი დაახლოებით 112 ათასი იყო. მაგალითად, მსახიობმა მარკ რუფალომ კამპანიას ინსტაგრამზე გამოუცხადა მხარდაჭერა, მისმა პოსტმა კი 1,6 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა. ცნობისთვის, ChatGPT-ს 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
"ChatGPT ტრამპის უმსხვილესი დონორია, ICE [იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურები] კი ChatGPT-ს იყენებს. დროა უარი ვთქვათ", — ნათქვამია კამპანიის საიტზე, რომელიც მომხმარებლებს ChatGPT Plus-ის გამოწერის გაუქმებისკენაც მოუწოდებს.
QuitGPT-ს ფარგლებში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დოკუმენტია მოხსენიებული. ამ უკანასკნელის მიხედვით, OpenAI-ს პრეზიდენტმა გრეგ ბროკმანმა და მისმა მეუღლემ სექტემბერში $25 მილიონი შესწირეს ტრამპის მხარდამჭერ პოლიტიკურ კომიტეტს, სახელად MAGA Inc.
ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბროკმანმა X-ზე შემდეგი რამ დაწერა:
"[ტრამპის] კამპანიის ტექნოლოგიური პროგრესულობა იმედს მაძლევს. ზოგადად ტექნოლოგიებში — და კონკრეტულად AI-ს კუთხით — ლიდერობის გზით შეძლებს ამერიკა, მსოფლიოს ლიდერობა განაგრძოს და დემოკრატიული ღირებულებების დაიცვას".
ამის შემდეგ იგი თეთრ სახლში რამდენიმე ღონისძიებაზე გამოჩნდა, მათ შორის პროექტ Stargate-ის ანონსზე.
ცნობისთვის, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმაც გადარიცხა $1 მილიონი ტრამპის ინაუგურაციის ფონდში; მსგავსი რამ გააკეთეს ტიმ კუკმა (Apple-ის CEO), Amazon-მა, Google-მა და Meta-მაც. რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ თეთრი სახლის სადღესასწაულო დარბაზის მოწყობაც დააფინანსა.
QuitGPT კამპანიის ფარგლებში აღნიშნავენ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ICE რეზიუმეების გადარჩევისას ხელსაწყოს იყენებს, რომელიც OpenAI-ს GPT-4 მოდელზე მუშაობს.
QuitGPT-ს შემქმნელები თავს "დემოკრატიის დამცველ აქტივისტთა ჯგუფს" უწოდებენ, რომლებიც "სერიოზულად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ AI კომპანიები აშშ-ში ავტორიტარიზმის აღზევებას უწყობენ ხელს".
როგორც ჩანს, კამპანიის წამომწყებთა უმეტესობა ანონიმურია. მეორე მხრივ, MIT Technology Review-ს ცნობით, მათ შორის არიან "ათობით მემარცხენე მოზარდი და 20-იდან 30 წლამდე ახალგაზრდები მთელი აშშ-იდან", იქნებიან ეს: დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზატორები, კლიმატის აქტივისტები და კიბერ ლიბერტარიანელები.
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანონიმურობა იმ მიზეზით ისურვა, რომ OpenAI-მ მასკის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში არაკომერციულ ორგანიზაციებს უწყებები გაუგზავნა, სავარაუდოდ, მათი გაჩუმების მიზნით.
ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ ChatGPT მომხმარებლებს კარგავს კონკურენტი სერვისების, განსაკუთრებით Google-ის Gemini-ს, სასარგებლოდ. მომხმარებელთა ტრაფიკის მხრივ ChatGPT კვლავ ლიდერობს, თუმცა, Similarweb-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში მისი ბაზრის წილი შემცირდა.
გარდა ამისა, OpenAI-ს სასამართლოში იმ ბრალდებებით უჩივიან, რომ მისმა ჩატბოტმა შეიძლება სუიციდი წაახალისოს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შექმნას. ზოგიერთი მომხმარებელი ასევე უკმაყოფილოა ChatGPT-ში რეკლამების ინტეგრირების ინიციატივით თუ ძველი მოდელების გაუქმებით.
იხილეთ: რეკლამებმა ChatGPT-შიც მოგვაგნო? — ჩატბოტში ახალი მიდგომის ტესტირება იწყება
უცხოური მედიების თხოვნის მიუხედავად, OpenAI-ს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები