ასტრონომებმა კომეტა C/2025 K1 (ATLAS)-ის სიკვდილი აღბეჭდეს
ფოტო: International Gemini Observatory/NOIRLab/NSF/AURA/B
კომეტებისთვის მზესთან ზედმეტად მიახლოება ხშირად მათი განადგურებით სრულდება. სწორედ ასე მოხდა C/2025 K1 (ATLAS)-ის შემთხვევაშიც, რომელიც ჩვენს ვარსკვლავთან მცირე დისტანციაზე მისვლისას ნაწილებად დაიშალა. მისი სიკვდილი ჰავაიზე მდებარე ჯემინის ჩრდილოეთის ტელესკოპით გასული წლის მიწურულს დააფიქსირეს.
ეს კომეტა 2025 წლის მაისში ასტრონომიული სისტემით ATLAS აღმოაჩინეს. იგი ყველაზე კარგად სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანდა, მზესთან უახლოეს წერტილამდე კი იმავე წლის 8 ოქტომბერს მიაღწია. ამ დროს ვარსკვლავიდან მას მხოლოდ 50 მილიონი კილომეტრი აშორებდა, რაც ძალიან მცირე მანძილია იმისთვის, რომ ამგვარი ობიექტი გადარჩენილიყო.
საქმე ისაა, რომ კომეტები ყინულისა და მტვრისგან შედგება. მზის მცხუნვარების გავლენით ხშირად მათი სიკაშკაშე იმატებს, რადგან ყინულები სუბლიმაციას განიცდის, ანუ პირდაპირ აირად გარდაიქმნება. ამის მიუხედავად, C/2025 K1 მზესთან ჩავლის შემდეგ იმდენად ელვარე არ გამხდარა, რომ შეუიარაღებელი თვალით დაგვენახა.
ნოემბრის პირველ ნახევარში კომეტის ბირთვმა უკვე დაშლა დაიწყო. ეს უჩვეულო სულაც არაა, რადგან მზის გავლენით იქიდან აირისა და მტვრის ნაკადები გამოიყოფა, მნათობის გრავიტაცია კი ობიექტის სტრუქტურას კიდევ უფრო მეტად არღვევს.
ამ ყველაფრის გამო ხშირად კომეტები მზის უკანა მხრიდან "ამოსვლისას" ხელახლა აღარ ჩნდება, მაგრამ არა C/2025 K1-ის შემთხვევაში — ის გამოჩნდა, რაც ტელესკოპებისთვის ხელსაყრელი იყო. სწორედ ამის შედეგად დააფიქსირეს მეცნიერებმა მისი დანაწევრება, კერძოდ, სურათზე სამ ფრაგმენტს მკაფიოდ ვხედავთ.
შესაძლოა, მალე მისი ბედი კომეტა C/2026 A1 (MAPS)-მაც გაიზიაროს. ის 13 იანვარს აღმოაჩინეს და ამჟამად მზისკენ მიიწევს, მასთან ყველაზე ახლო წერტილამდე (748 000 კმ.) კი 4 აპრილს მიაღწევს. თუ გადარჩა, შესაძლოა, იგი ცაზე ვენერასავით აკაშკაშდეს.

კომენტარები