ნახეთ: Boston Dynamics-ის ახალი რობოტი ადამიანებზე უკეთ მოძრაობს?
ფოტო: Boston Dynamics
ამერიკულმა კომპანიამ, Boston Dynamics-მა, ლას-ვეგასში გამართულ წლევანდელ CES კონვენციაზე ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელიც ორფეხზე თითქმის ადამიანური სიზუსტით დადის — ზოგ სახსარს ჩვენზე უკეთაც კი ამოძრავებს.
საქმე ისაა, რომ რობოტს "ჭკვიანი" სახსრები აქვს, რომელიც უწყვეტი ბრუნვის შესაძლებლობას ქმნის. შედეგად, მისი თეძოები, მაჯები და კისერი 360 გრადუსით ტრიალებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ პლეიტერი, ამბობს, რომ მათ ბუნების პირდაპირ "გადმოკოპირება" არ სურთ. მათი მიზანი ბუნების მიერ შექმნილი საუკეთესო უნარების გამეორება და იმ ნაწილების გაუმჯობესებაა, სადაც ევოლუცია მოიკოჭლებს.
Boston Dynamics-მა ასევე განაცხადა, რომ კომპანია Google-ის DeepMind-თან აპირებს თანამშრომლობას, რათა თავიანთი რობოტები კიდევ უფრო დახვეწონ.
გარდა ამისა, კომპანია რობოტის განვითარებაზეც მუშაობს, რომელსაც მანქანების საწარმოში გამოიყენებენ. გეგმის თანახმად, 2028 წლისთვის მისი Hyundai-ის ელექტრომობილების საწარმოში გამოყენება უნდა გახდეს შესაძლებელი. ცნობისთვის, Boston Dynamics-ს Hyundai ფლობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება და როდის ჩაეშვება გაყიდვაში ატლასი.
კომპანიის მონაცემებით, ეს ჰუმანოიდი რობოტი სიმაღლეში 187 სმ-ია და 90 კგ-ს იწონის. გარდა თავისა და ხელების თავისუფლად მოძრაობისა, ატლასს მანქანის ნაწილებთან მუშაობა და "ბრეიკდანსის" ილეთების შესრულებაც შეუძლია.
ცხადია, ეს ყველაფერი ჯერაც არ ნიშნავს, რომ ატლასი ჩაგვანაცვლებს ან თავს დაგვესხმება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ეს რობოტი მაინც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.
კომენტარები